მაია ცქიტიშვილმა რეფორმის წარმატებით განხორციელებაზე ევროსაბჭოში ისაუბრა
ძებნამაია ცქიტიშვილმა რეფორმის წარმატებით განხორციელებაზე ევროსაბჭოში ისაუბრა
8 ნოემბერი 2018საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა 7 ნოემბერს, ქალაქ სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის 35-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა.
ვიცე-პრემიერი გამოეხმაურა ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის მიერ ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის შესახებ მიღებულ რეკომენდაციას, რომელიც შემუშავდა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის წევრების მიერ საქართველოში 2018 წლის აპრილში გამართული ვიზიტის შედეგების საფუძველზე.
მაია ცქიტიშვილმა მადლობა გადაუხადა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხისა და თვითმმართველობათა ევროპულ ქარტიასთან შესაბამისობის შეფასების ერთმნიშვნელოვნად დადებითი ანგარიშისათვის.
ვიცე-პრემიერმა საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი იყო ქვეყნის რეგიონების განვითარება და მმართველობითი სისტემის დეცენტრალიზაცია. ამისათვის 2014 წელს მთავრობამ მიიღო დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი და ამავე წელს ჩაატარა მერების პირდაპირი წესით არჩენები, რამაც ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყო ხელი.
„ანგარიში ძალიან პოზიტიურია და ევროსაბჭოს დელეგატების მხრიდანაც იყო შეფასებული ძალიან დადებითად. ევროსაბჭომ წარმოადგინა ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებაზე ორიენტირებული რეკომენდაციები. როგორც 2013 წლის, ისე ამ რეკომენდაციებსაც ჩვენ ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით, თუმცა აღსანიშნავია რომ რეკომენდაიების დიდი ნაწილი უკვე ინტეგრირებულია ჩვენს გადაწყვეტილებებში და ჩვენს პოლიტიკაში“,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს მიერ ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე დემოკრატიის შემდგომი განმტკიცების მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი ნაბიჯები და მიღწეული შედეგები. მათ შორის, ქვეყნის კონსტიტუციაში ადგილობრივ თვითმმართველობათა ევროპული ქარტიით გათვალისწინებული სუბსიდირების პრინციპის ასახვა, ქალაქების მერების პირდაპირი წესით არჩევის წესის შემოღება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის ახალი მექანიზმების დანერგვა. დადებითად არის შეფასებული ადგილობრივი ხელისუფლების დეცენტრალიზაციისა და მოდერნიზაციის კუთხით ყოვლისმომცველი რეფორმების სტრატეგიის მიღება, ადგილობრივი თვითმმართველობების ფინანსური შესაძლებლობების განვითარება, აუდიტორული სისტემის მოდერნიზაცია და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის (NALAG) წარმომადგენლობითი როლის/პოზიციის ოფიციალური აღიარება.
კონგრესის წინაშე ანგარიში წარადგინა კონგრესის რეგიონთა პალატის წევრმა სტიუარტ დიქსონმა (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო). „კონგრესმა ეს ესაა ფარული კენჭისყრით მიიღო მონიტორინგის ანგარიში საქართველოს შესახებ. მე მქონდა პატივი ვყოფილიყავი მომხსენებელი ამ ანგარიშზე და ეს იყო ძალიან პოზიტიური ანგარიში და შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ ჩააბარა მონიტორინგის ანგარიში გამოკვეთილი წარმატებით,“ - აღნიშნა სტიუარტ დიქსონმა.
კონგრესის ანგარიშში ასახული რეკომენდაციები ძირითადად მიმართულია მიღწეული დადებითი შედეგების კიდევ უფრო გაძლიერებაზე და არა გამოსწორებაზე. მასში არაერთხელ არის ხაზგასმული, რომ ქვეყანაში ადგილობრივი დემოკრატიისა და თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური ქმედებები სრულ შესაბამისობაშია ევროსაბჭოს მოთხოვნებთან.
„დღეს ევროსაბჭომ პრაქტიკულად ერთხმად მიიღო ანგარიში საქართველოს შესახებ, რომელიც არის უპრეცენდენტოდ პოზიტიური და რომელიც აღიარებს ადგილობრივი დემოკრატიის კუთხით საქართველოში 2013 წლის შემდეგ გატარებულ რეფორმებს, საკონსტიტუციო ცვლილებას, მერების და ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას, მოქალაქეთა ჩართულობას და ყველა იმ პრინციპებს, რომლებიც გადტარებული და ასახული იქნა რეფორმებში,“ აღნიშნა თბილისის საკრებულოს წევრმა თამარ ტალიაშვილმა საქართველოს შესახებ კონგრესის მიერ გაკეთებული ანგარიშის შფასებისას.